მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ლელა გაფრინდაშვილს მოუსმინა

ბორდისა და ლელა გაფრინდაშვილის შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ლელა გაფრინდაშვილს მოუსმინა. დახურულ შეხვედრაზე აუდიტის სამსახურის იმ დასკვნაზე ისაუბრეს, რომლის მიხედვით, ბორდის ერთ-ერთი წევრი ჰონორარს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, 5 თვის განმავლობაში ისევ იღებდა.

აღმოჩნდა, რომ ლელა გაფრინდაშვილმა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლისგან კიდევ 12 800 ლარი მიიღო. ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ მან ჩაატარა კვლევა და ჩათვალა, რომ 5 თვის განმავლობაში სწორედ ამ კვლევისთვის გათვალისწინებული ანაზღაურება ერიცხებოდა.

ბორდისა და ლელა გაფრინდაშვილის შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ, როგორ უნდა მოხდეს პრობლემის მოგვარება.

ბორდის თავმჯდომარე ამბობს, რომ სამეურვეო საბჭოსა და ლელა გაფრინდაშვილს შორის არანაირი ოფიციალური შეთანხმება გაფორმებული არ ყოფილა.