მასწავლებლის ეროვნული დღე
დღეს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ გამარჯვებულებს დააჯილდოებს. განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო 10 000 ლარი ათ პედაგოგს გადაეცემა.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მასწავლებლის ეროვნული დღე მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს ყოველ წელს აღინიშნება. წელს განათლების მინისტრის ინიციატივით, მასწავლებელთა შრომის აღიარების მიზნით, აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა – თითოეულ მუნიციპალიტეტში ადგილობრივ დონეზე შეირჩა და დაჯილდოვდა ხუთი ღვაწლმოსილი მასწავლებელი, რომლებიც ასევე დაესწრებიან მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოებას.