მასწავლებელთა ანაზღაურების წესის ცვლილება გადავადდა
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესის გარკვეული მოთხოვნების ამოქმედება 2027-2028 სასწავლო წლამდე გადავადდა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, წლევანდელი სასწავლო წლიდან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურების მისაღებად, მასწავლებელს უნდა ჰქონოდა იმ საგნის სწავლების დადასტურებული კომპეტენცია, რომელსაც ასწავლის. თუმცა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მასწავლებლებისთვის მხარდაჭერისა და სკოლებში სასწავლო პროცესის უწყვეტობის მიზნით, მოქმედ მასწავლებლებს, კომპეტენციის დასადასტურებლად დამატებით გონივრული ვადა მისცეს. გარდამავალ პერიოდში პედაგოგებს ორჯერ მიეცემათ კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა – საგნის გამოცდა როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარშიც ჩატარდება. ამავდროულად, პედაგოგებს საშუალება ექნებათ, უსასყიდლოდ გაიარონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინტენსიური საგნობრივი მომზადების კურსები.