მასშტაბური ხანძრები ევროპაში

15:18, 26.07.2026

ესპანეთსა და საფრანგეთში მასშტაბური ტყის ხანძრებს ისევ ვერ აქრობენ. ვალენსიასთან ახლოს ერთი ადამიანი დაიღუპა. ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ქალაქ მანისესთან, საკუთარ ავტომობილში იპოვეს. მადრიდის დასავლეთით ხანძრის ჩასაქრობად 400-ზე მეტი მაშველი, 50 სახმელეთო და 12 საჰაერო საშუალებაა მობილიზებული. ამასთან, ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მადრიდში ჰაერის დაბინძურების შესახებ გაფრთხილება გამოსცა. მოსახლეობას ურჩევენ თავი შეიკავონ ღია ცის ქვეშ ყოფნისა და ფიზიკური აქტივობისგან, ხოლო კვამლისა და ფერფლის შემთხვევაში, გამოიყენონ ნიღბები და დამცავი სათვალეები. ამასთან, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, წელს ტყის ხანძრებმა უკვე რეკორდული, 98 ათასი ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მეხანძრეებსა და მაშველებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ქვეყნის ყველა სამოქალაქო და სამხედრო რესურსი ხანძრის ჩასაქრობად არის მობილიზებული, მათ შორის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი.

მსგავსი