„სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით შეჩერებული მართვის მოწმობების აღდგენაზე“ გამოცხადებულ ამნისტიასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს და მართვის უფლების აღდგენის პროცედურებს განმარტავს. 780-მდე პირს, რომელთაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით, მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო შეუჩერდათ მართვის უფლება, ასევე – 20 000-მდე პირს, რომელთაც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის ან შემთხვევის ადგილის მიტოვების გამო შეჩერებული აქვს მართვის უფლება, პირველი იანვრიდან ავტომატურად აღუდგებათ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მათ მართვის მოწმობას ხელახლა მიენიჭება 100 ქულა; აღსანიშნავია, რომ დაკისრებული ჯარიმების გადაუხდელობის გამო ,მართვის უფლება დღეის მდგომარეობით შეჩერებული აქვს 11 000-მდე ადამიანს. მათ მართვის უფლება აღუდგებათ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში; მნიშვნელოვანია, რომ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელ 3500-მდე პირს, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღუდგება, სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის საფუძველზე. უწყებაში განმარტავენ, რომ ამნისტია არ შეეხება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვის ან რეალიზაციის/გასაღების გამო მართვის უფლების ჩამორთმევის შემთხვევებს. ასევე, ამნისტია არ შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის დროს მართვის უფლების შეჩერების შემთხვევებს. „მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება ის ნორმები, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს აძლევს შესაძლებლობას, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღიდგინოს.