სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის გარშემო მიმდინარე კონსულტაციები დასრულებულია. რამდენიმეთვიანი შეხვედრების შემდეგ მომზადებული კანონპროექტის საბოლოო ვერსია მაინც სადავო რჩება.
იუსტიციის საბჭოს და იუსტიციის სკოლის რეფორმირება და მოსამართლეების მიმართ დისციპლინური დევნის დაწყება,- ძირითადად ეს საკითხები უნდა დაარეგულიროს მეოთხე ტალღის ფარგლებში შემუშავებულმა დოკუმენტმა, რომელზეც თვეების განმავლობაში ხელისუფლების სამივე შტო, არასამთავრობო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მუშაობდნენ.
„ევროპული საქართველო“ პროექტის მხარდაჭერაზე უარს ამბობს და არგუმენტად მათი შენიშვნების იგნორირებას ასახელებს. ოპონენტების პრეტენზიები ძირითადად მოსამართლეების და სასამართლოების თავმჯდომარეების შერჩევის წესს და საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარებას უკავშირდება. შენიშვნები აქვს მესამე სექტორსაც.