ევროკომისარი მარტა კოსი საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების გადახედვას არ გამორიცხავს, ასევე არ გამორიცხავს არც კონტაქტების აღდგენას „ქართულ ოცნებასთან“- ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, „რადიო თავისუფლებასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. რიკარდ იოზვიაკმა ევროკომისარს კითხვა დაუსვა იმის შესახებ, თუ კიდევ რას განიხილავს ბრიუსელი საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლის პასუხად უკვე მიღებული ზომების გარდა? როგორც მარტა კოსმა განაცხადა, „ბევრი შესაძლებლობა არსებობს“, თუმცა ამ ვითარებაში „ძალიან ვფრთხილობთ“. „შეიძლება, ვთქვათ, უკან წავიღოთ სავიზო ლიბერალიზაცია, მაგრამ დავაზიანებთ მოსახლეობის უმრავლესობას. შემდეგ, გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. შეიძლება, ამ შეთანხმებას გადავხედოთ. შემდეგ, საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, შეიძლება, ეს გავყინოთ, ისეთი ჩიხი შევქმნათ, როგორიც თურქეთთან. ეს არის შესაძლებლობები“, – განაცხადა ევროკომისარმა. „მე არ მომწონს, როდესაც მთავრობა სათვალავში არ იღებს ხალხს. [ქართველი] ხალხის დიდი სურვილია ევროპული გზით სიარული. ამაზე კვლავ ვიმუშავებთ. ვერ მივიღებ, რომ შეიძლება, დავკარგეთ საქართველო, თუნდაც მთავრობა ერთიმეორის მიყოლებით იღებდეს კანონებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, – თქვა მარტა კოსმა. „ვცადეთ, დაგვეწესებინა სანქციები, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ყოფილა, წევრ ქვეყნებს შორის არ არის ერთსულოვნება – განაცხადა ევროკომისარმა. ასევე მორიგ დამაზუსტებელ კითხვაზე, – „საქართველოშიც შესაძლოა, რომ უმაღლესი რანგის დიალოგი რაიმე ფორმით განვითარდეს მომავალში?“ – კოსმა განაცხადა: „ვფიქრობ, უნდა ვიფრთხილოთ. შესაძლოა, დასაწყისში უმაღლეს დონეზე არა, შესაძლოა, დაბალი რანგით დავიწყოთ, მაგრამ შემდეგ ვნახოთ, როგორ შეიძლება ამ საკითხის განვითარება“, – განაცხადა ევროკომისარმა.
ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებებს შეფასებები მოჰყვა თბილისში.