მაროკოდან ესპანეთში ათასობით მიგრანტი შევიდა
მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში, რამდენიმე საათის განმავლობაში ათასობით მიგრანტი შევიდა, რის გამოც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მადრიდს ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ მოუწოდა. თვითმხილველების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ კვეთენ ადამიანები საზღვარს, ზოგიერთი მათგანი ქალაქში ზღვით შედის. მიგრანტების უმეტესობა ახალგაზრდა მამაკაცია, თუმცა არიან ქალები და ბავშვებიც. ოფიციალური მონაცემები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა, ესპანეთის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, სეუტაში უკვე 2000-დან 3000-მდე ადამიანი შევიდა. სეუტაში მოქმედი სამოქალაქო გვარდიის თანამშრომელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ადგილზე „აბსოლუტური ქაოსია“.