მარკო რუბიოს განცხადება
„ამერიკის შეერთებულ შტატებს ვენესუელისთვის სამეტაპიანი გეგმა აქვს, რომელიც ქვეყნის სტაბილიზაციით დაიწყება, შემდეგ კი – ქვეყნის აღდგენის და გარდამავალი პერიოდის ზედამხედველობით გაგრძელდება“ – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ვაშინგტონს არ სურს ეს პროცესები ქაოსში გადაიზარდოს. მისივე განცხადებით, შტატები ვენესუელური ნავთობის შესასყიდად და გასაყიდად შეთანხმების დადებასთან ახლოსაა და ამერიკა 30-დან 50 მილიონ ბარელამდე ნავთობს აიღებს. ნავთობის მოცულობების გაყიდვის შესახებ აშშ-სთან მოლაპარაკებების მიმდინარეობას ადასტურებს ვენესუელის ის სახელმწიფო ნავთობკომპანიაც, რომელზეც ამერიკა წლების განმავლობაში სანქციებს აწესებდა. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციაში ახლახან განაცხადეს, რომ ამ სანქციების ნაწილს გააუქმებენ და ვენესუელური ნედლი ნავთობის გლობალურ ბაზარზე გასაყიდად რეალიზაციას დაიწყებენ. მათივე ინფორმაციით, ამ გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი, აშშ-ის მიერ კონტროლირებად ანგარიშებზე განთავსდება და აშშ-ის მთავრობის შეხედულებისამებრ განაწილდება. ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ამერიკის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა.