ქართულ ავიაბაზარზე ოპერირებას კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია იწყებს.
12 აპრილიდან თბილისი-ციურიხი-თბილისის მიმართულებით „ლუფთჰანზა გრუპში“ შემავალი შვეიცარიული „ედელვაის ეარი“ იფრენს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება. ახალი ავიამიმართულების დამატების პარალელურად, საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მარკეტინგული კამპანია დაგეგმა. ქვეყანას შვეიცარიელი ჟურნალისტები ეწვევიან და ყველა იმ ლოკაციას დაათვალიერებენ, რომლებიც ტურისტებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებისა და ისტორიული არქიტექტურის ამსახველი ფოტოები ედელვაისის სოციალურ პლატფორმებზე უკვე გამოჩნდა.