მარკეტერების პროტესტი

მასშტაბური პროტესტის 29-ე დღე.

დედაქალაქსა და რეგიონებში მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ტრადიციული აქცია დღესაც გაიმართება რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან. მანამდე სამოქალაქო ჯგუფები თბილისის მასშტაბით მანიფესტაციებს მართავენ. თავისუფლება რეჟიმის პატიმარ ოკმელას – ამ სლოგანით მარკეტერების, დიზაინერების პიარ სპეციალისტების და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები საბურთალოზე სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნები უცვლელია – გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მერიის შენობასთან გადაინაცვლეს. გზად ადგილი ჰქონდა ინციდენტს საპატრულო პოლიციასთან. მსვლელობის მონაწილეების რაოდენობიდან გამომდინარე პოლიცია მათ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას სთხოვდა. აქციის წევრები გეგმავენ მოსვლას საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, შემდეგ კი მანიფესტაციით რუსთაველის გამზირისკენ გაემართებიან, სადაც მთავარ პროტესტს შეუერთდებიან.