მარიუპოლში უკრაინელი სამხედროები ქალაქის დაცვას განაგრძობენ. ისინი არ ემორჩილებიან რუსი ოკუპანტების ულტიმატუმს და იარაღის დაყრასა და ჩაბარებას არ აპირებენ. ულტიმატუმის ვადა ადგილობრივი დროით 13 საათზე ამოიწურა. რუსულმა მხარემ ჩაბარებისთვის დერეფნის უზრუნველყოფის შესახებაც განაცხადა. მარიუპოლში ისევ რთული ვითარებაა. ქალაქის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, პეტრ ანდრიუშენკო აცხადებს, რომ ოკუპანტების მცდელობები, რომ საომარი მოქმედებების ადგილი მხოლოდ „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნით შემოიფარგლება, რეალობას არ შეესაბამება. ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების დროს, ოკუპანტებმა კვლავ მძიმე არტილერია გამოიყენეს საცხოვრებელი სახლების მიმართულებით და მარიუპოლი სამოქალაქო პირებისთვის ისევ სახიფათოა. მისივე თქმით, უკრაინის სხვა ტერიტორიებიდან მარიუპოლის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარება ბლოკირებულია და „ჰუმანიტარული დახმარების გაცემა“ მხოლოდ რუსული სახელისუფლებო პარტია „ეძინაია რასიას“ შტაბ-ბინაში ხორციელდება. ანდრიუშენკოს განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის მოსახლეობას ქალაქში გადაადგილებისთვის და ქუჩაში ყოფნისთვის საშვის გაფორმების ვალდებულებაც დააკისრეს, რომელიც სავარაუდოდ, კეთდება არა მხოლოდ ე.წ. ფილტრაციის ღონისძიებისთვის, არამედ ქალაქში დარჩენის მსურველი მოსახლეობის პასპორტიზაციის მოსამზადებლად. მარიუპოლის საკითხს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის განცხადებით, უკრაინული ძალების დასახმარებლად მარიუპოლში მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამ ქალაქში მყოფი უკრაინელი მებრძოლები უკვე გმირები არიან და მათ „გარკვეული ნაბიჯების გადადგმას არავინ აუკრძალავს“.