მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

დაახლოებით 2 საათია მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. მარიუპოლის მერმა დაადასტურა, რომ მწვანე დერეფანი გახსნილია და მარიუპოლისთვის ე.წ. დუმილის რეჟიმი მოქმედებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს ქალაქს საშუალებას მისცემს, აღადგინოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა – ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება, ასევე აამუშავოს მობილური კომუნიკაციები. ასევე, შესაძლებელი იქნება აუცილებელი საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება.

ე.წ. დუმილის რეჟიმი ადგილობრივი დროით 16:00 საათამდე იმოქმედებს. ჰუმანიტარული დერეფნის მარშრუტიდან გადახვევა კატეგორიულად აკრძალულია. ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც. პარალელურად, სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, რომელიც უკრაინის სხვადასხვა ქალაქში არსებულ ვითარებას ასახავს. მასალაში ჩანს, რომ ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად მოქალაქეებს გრძელ რიგებში დგომა უწევთ.