მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმე

სასამართლო პროცესი ვაკის პარკის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა დაიწყო. დასაკითხ 6 მოწმეს შორის, ერთ-ერთი დევი მეზურნიშვილია, რომელმაც ორი მოზარდი გადაარჩინა, თუმცა მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვეღარ შეძლო. მისი დაკითხვა დახურულ პროცესზე დაიწყო. პროცესის დახურვა ადვოკატებმა მოითხოვეს იმ არგუმენტით, რომ არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ჩვენების გასაჯაროება არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევა იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პროკურორი არ დაეთანხმა სხდომის დახურვას, მოსამართლემ მეზურნიშვილის ნაწილში პროცესი დახურა. ბრალდების მხარის დანარჩენი 5 მოწმე კი ღია სხდომაზე დაიკითხება. მათ შორის არიან მოზარდების სკოლის დამრიგებელი, ასევე ის ადამიანი, ვისაც ვაკის პარკის სამეთვალყურეო კამერებზე წვდომა ჰქონდა. დღევანდელი სასამართლო სხდომა ადვოკატის შუამდგომლობით გაიხსნა, არჩილ ჩოფიკაშვილმა დამატებითი მტკიცებულების საქმეზე დართვა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა, თუმცა მეორე შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან და ბრალდებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდა. მისი განმარტებით, პროკურატურიდან მიიღეს პასუხი, რომ იმ ყალბი დოკუმენტის დედანი არ გააჩნიათ, რის გამოყენებაშიც ლაშა ფურცხვანიძეს ედავებიან. ადვოკატის პრეტენზიას პროკურორმა უპასუხა, როგორც მან აღნიშნა, ელექტრონული ტენდერების ვებგვერდზე ახლაც არის ატვირთული დოკუმენტის დედანი. შესაბამისი უწყებებიდან ამოღებული აქვთ ყველა დოკუმენტი, რომელიც მათთან იყო დაცული. მან ადვოკატის პრეტენზიებს უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ ყალბი დოკუმენტის გამოყენება ფურცხვანიძის მიერ არაერთი მტკიცებულებით დასტურდება.