მარინა ჯანაშია გარდაიცვალა

გარდაიცვალა ქართული თეატრის და კინოს გამორჩეული მსახიობი – ქვეყანა მარინა ჯანაშიას ეთხოვება.

თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარების შემდეგ მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოხვდა, შემდეგ იყო რუსთაველის თეატრში გატარებული არაერთი წელი, მოგვიანებით მარჯანიშვილის თეატრი, წლების მერე ისევ დაბრუნება რუსთაველის თეატრში და უამრავი საინტერესო პერსონაჟი. პირველი როლი დიდ სცენაზე ჯერ კიდევ პირველი კურსის სტუდენტმა შეასრულა „ანტიგონეში“. „ვერასოდეს შევეჩვიე და ვერ გავიუბრალოვე ეს პროფესია… ეს არის დაუსრულებელი ემოციები და განცდები“, – ამბობდა მსახიობი, როდესაც კინოსა და თეატრს შორის შედარების გაკეთებას და საყვარელ პროფესიაზე საუბარს სთხოვდნენ.

მძიმე დაავადებასთან ბრძოლისა და ბოლო წლებში ჩატარებული რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, მსახიობი სცენაზე დგომას და სპექტაკლებში მონაწილეობას მაინც ახერხებდა. მარინა ჯანაშიას კინოსა და თეატრში ათეულობით დასამახსოვრებელი როლი აქვს შესრულებული.

მსახიობი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.