მარიანა ჩოლოიანი საპატიმროდან გაათავისუფლეს 

15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულებისთვის მსჯავრდებულმა გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

ადვოკატის განცხადებით, ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით, ჩოლოიანი პირობით ვადამდე გათავისუფლდა. მერაბ ჩიქოვანის განცხადებით, მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება კანონის სრული დაცვით მოხდა.

გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დაღუპული ლუკა სირაძის ოჯახი. ბექა სირაძის განმარტებით, მსგავსი დანაშაულის ჩამდენი პირის გათავისუფლება მიუღებელია. რაც შეეხება ოჯახის ინტერესების დამცველებს, საია-ში აცხადებენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები გამოძიების მიმართ უნდობლობას იწვევს.

მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებას ასევე ეხმაურება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. მათი განცხადებით, აღნიშნული საქმე ერთ-ერთი რეზონანსული საქმეა და სხვადასხვა ეტაპზე მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა უპირველესად დაზარალებულის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ამ კატეგორიის დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში.

მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე 3-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. 2019 წლის 11 დეკემბერს, მეათე კლასის მოსწავლე ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხეს. გამოკითხვაზე მოზარდი ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს იმყოფებოდა და ის ორივეჯერ მარიანა ჩოლოიანმა დაკითხა. ლუკა სირაძე მიღებული დაზიანებების შედეგად 2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი