მარიამ ქვრივიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივ და რეგიონულ ეკონომიკურ პროექტებზე, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ენერგეტიკული კაბელი, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას. ყურადღება გამახვილდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ პროექტი, რომელიც დასკვნით ფაზაშია, მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოსა და აზერბაიჯანის სატრანზიტო პოტენციალს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მუშაობა ახალი სტრატეგიული პროექტების განხორციელების მიმართულებით, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ორ ქვეყანას შორის დაკავშირებადობის გაზრდას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში. განხილულ იქნა მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები, რომელთა დასაძლევად ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობა სხვადასხვა მიმართულებით.