მანიპულაცია პატიმრებით – შალვა პაპუაშვილის წერილი

21:01, 03.09.2026

2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების და 4 ოქტომბრის მოვლენების დროს დაკავებულთა საქმეები პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტიურდება. ამჯერად მიზეზი პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვაა. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მსჯავრდებულებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ოპონენტებს აკისრებს და მათ გარე ძალების დავალებით მოქმედი პოლიტიკური აქტორების მანიპულაციების მსხვერპლებად აცხადებს. დანაშაულის აღიარების შემთხვევაში შეწყალების ან საპროცესო შეთანხმების სახით თავისუფლებისკენ სამართლებრივი გზა არსებობს: ასეთია შალვა პაპუაშვილის მთავარი გზავნილი. მესამე წელია, პოლიტიკური დევნის და რეპრესიების ერთ-ერთ არგუმენტად ოპოზიციას მათ მიერ სინდისის პატიმრებად მიჩნეული მსჯავრდებულების საქმეები მოჰყავს. თუმცა იმის ხაზგასასმელად, რომ ხელისუფლებისთვის 2024-2025 წლების ცნობილი მოვლენების დროს დაკავებულთა ციხეში ყოფნა მიზანი არ არის, პარლამენტის სპიკერს შეწყალებით თუ საპროცესო შეთანხმების გზით მითითებული საქმეების უკვე გათავისუფლებულ ფიგურანტთა სტატისტიკა მოჰყავს. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორებს აქციების დროს დაკავებულებზე მორალურ ზეწოლაში ადანაშაულებს და დარწმუნებულია, რომ გათავისუფლების მექანიზმების გამოყენება სწორედ ოპოზიციის ინტერესებს ეწინააღმდეგება. დღევანდელი წერილის აქცენტებს მთავარ ადრესატთა არანაკლებ მწვავე რეაქციები მოჰყვა.

მსგავსი