მანიფესტი და დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

მანიფესტი, რომელიც დეკლარირებულად „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებისთვის მომზადდა, შესაძლოა, პარტიის საბოლოო დაშლის მიზეზი გახდეს. „ვარდების რევოლუციისადმი“ მიძღვნილი შეკრების შემდეგ ყოფილ სახელისუფლო გუნდში განხეთქილება გამწვავდა. სააკაშვილის თაოსნობით ინიცირებულ დოკუმენტზე ნიკა მელიასა და მისი მხარდამჭერების ხელმოწერები ამ დრომდე არ ფიქსირდება. ყოფილ თავმჯდომარეს პარტიიდან გაძევებით ახალი მენეჯმენტი არაერთხელ დაემუქრა, თუმცა გახდება თუ არა მანიფესტი იმის მთავარი მიზეზი, რომ ხაბეიშვილმა სიტყვა საქმედ აქციოს, უახლოეს მომავალში გაირკვევა.

ცნობილია ისიც, რომ ხაბეიშვილის ფლანგი მელიასა და მის მომხრეებს უკვე დიდი ხანია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებად აღარ მიიჩნევს. მელიას გუნდი კვლავ კეზერაშვილ-მერაბიშვილის არაფორმალურ გავლენებზე საუბრობს და მანიფესტში ე.წ კვიპროსულ დანართზე მიანიშნებს.

პარალელურად, ქართულ პოლიტიკაში დისტანციურად დაბრუნებული სააკაშვილი შეკრებით კმაყოფილია და მანიფესტის იდეებსა და პარტიის მოქმედ მენეჯმენტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. პატიმარ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ კობა ნაყოფია, ნიკა მელია და მისი თანამოაზრეები პარტიაში დაბრუნდებიან.