გაყოფილი პოზიციები ოპოზიციურ ფლანგზე.
ბარიერგადალახული ოთხი სუბიექტი საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის ერთიან სტრატეგიაზე და ფორმაზე ვერ შეთანხმდა. ამ დროისთვის მანდატებზე უარის შესახებ ინდივიდუალური განცხადებები მხოლოდ მელია-გვარამია-ხოშტარია-ჯაფარიძის კოალიციის სიით გასულ დეპუტატებს აქვთ დაწერილი. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტში ამ ეტაპზე ისევ გიორგი ვაშაძის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი განცხადება იძებნება. დანარჩენი წევრები შესაბამისი პროცედურის გავლას აანონსებენ, თუმცა დრო არ კონკრეტდება. ცესკო-ში სია ჩახსნილი აქვთ, თუმცა მანდატების გაუქმებაზე განცხადებები ამ დრომდე არ დაუწერიათ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრებსაც. პოზიციას არ ცვლის ყოფილი პრემიერის გუნდი, რომელიც პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევს, თუმცა ზეპირი განცხადებების ოფიციალურად გაფორმებას და იურიდიული ძალის მქონე განაცხადების დაწერას ამ ეტაპზე არ აპირებს.
2020 წლისგან გასხვავებით, მმართველი გუნდი ყოველგვარ კომპრომისს გამორიცხავს და მიმართვის შემთხვევაში ყველა განაცხადის დაკმაყოფილებას აანონსებს.