მანანა მენაბდე გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი მუსიკოსი, მომღერალი, მსახიობი და მხატვარი – საზოგადოება მანანა მენაბდეს ემშვიდობება. მისი ბებია, დები იშხნელებიდან ერთ-ერთი, თამარ იშხნელი იყო. მანანა მენაბდე 16 წლის ასაკში ანსამბლ „რეროს“ წევრი გახდა. განსაკუთრებული პოპულარობა კი მას შემდეგ მოიპოვა, რაც ეკრანებზე ლანა ღოღობერიძის ფილმი გამოვიდა სახელწოდებით „დღეს ღამე უთენებია“, რომელშიც მუსიკოსი ერთ-ერთ როლს ასრულებდა და ფილმში მისი მუსიკალური კომპოზიციები ჟღერდა. წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ქართულ მუსიკალურ ჯგუფებთან „შინ“ და „ადიო“, ასევე გორის ქალთა გუნდთან, იყო საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური რედაქციის რეჟისორი. ცნობილი მუსიკოსის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებენ პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე.