მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება შეუწყდა
მანანა კობახიძის გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლოს ვადაზე ადრე დატოვებასთან დაკავშირებით, პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მანანა კობახიძის გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ მას არ სურდა პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობა. „ქართულ ოცნებაში“ კი მიაჩნიათ, რომ მოსამართლე სიმართლის მხარეს უნდა იდგეს, თუმცა, პრინციპულ პოზიციაზე დადგომა მანანა კობახიძეს გაუჭირდა.
მანანა კობახიძემ გუშინ საკონსტიტუციო სასამართლო ვადაზე ადრე დატოვა. სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გადაწყვეტილების საფუძველი კობახიძის პირადი განცხადებაა. ამ ფაქტს წინ უსწრებდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მანანა კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვიდან თვით აცილება ითხოვა. არგუმენტად კი მისი პოლიტიკური საქმიანობის დროს გამოხატული პოზიციები და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი დასახელდა. თუმცა, ეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა.
კობახიძე ერთ-ერთი იყო იმ რვაწევრიან კოლეგიაში, რომელსაც მმართველი გუნდის სარჩელი უნდა განეხილა. მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობამდე წლების განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იყო.