დიდი ალბათობით, ხუთშაბათს გახდება ცნობილი ვინ იბრძოლებს თბილისის მერობისთვის მმართველი პარტიიდან. არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციები მოჰყვა „ქართული ოცნების“ დეპუტატ ლევან მახაშვილის განცხადებას, სადაც მან ფორმალური პროცედურების დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ არა კახა კალაძის, არამედ სხვა კანდიდატურის წარდგენა მოხდეს. მოგვიანებით მახაშვილს განმარტების გაკეთება დასჭირდა. ახალ კომენტარში დეპუტატმა თქვა, რომ კალაძის გარშემო გუნდში ერთსულოვნებაა. განცხადება გაავრცელა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემაც, რომელმაც კახა კალაძე უალტერნატივო კანდიდატად მოიხსენია და ხაზი გაუსვა, რომ მერობის კანდიდატს პოლიტიკური საბჭო წარადგენს.