მამუკა მდინარაძის განცხადება

სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და ახლა უკვე სუს-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ ცვლილებებთან დაკავშირებით „იმედის“ ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, წინასწარ იყო გათვლილი, რომ მხოლოდ დროებით უხელმძღვანელებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. მისივე თქმით, კონკრეტული გარემოებების გამო, გუნდის თხოვნის გათვალისწინებით, დათანხმდა ამ პოსტზე დანიშვნას. ახლა კი შეეცდება ახალი პოზიციით კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა. მამუკამ მდინარაძემ 2024 წლის აქციებზე სამართალდამცველების მხრიდან გამოვლენილი გადაცდომების შემთხვევები გაიხსენა. აღნიშნა, რომ ახალ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მისი მხრიდან ასეთი ქმედებების პრევენცია მოხდება და მსგავსი საკითხებით უფრო მეტად დაინტერესდება, რადგან როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, სამართალდარღვევის ერთეულმა შემთხვევებმა არ გააფუჭოს ის დიდი საქმე, რასაც სამართალდამცავები გმირულად აკეთებენ. მისივე განცხადებით, სუს-ში მიმდინარეობს გამოძიება საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი იგორ ბლაჟევიჩის მონაწილეობით.