მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან წავიდა
მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი სახე გუნდიდან და პოლიტიკიდან წავიდა – ბოლო ერთ წელიწადში თანამდებობრივი სტატუსის სამჯერ შეცვლის შემდეგ, მამუკა მდინარაძემ 10-წლიანი აქტიური პოლიტიკური საქმიანობა დასრულებულად გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიზეზად პირადი ინიციატივა და დასვენების სურვილი დაასახელა, თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ ოპონენტებს, რომლებიც მთავრობაში საკადრო ცვლილებების გაგრძელებას პროგნოზირებენ.
„ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი ლიდერის პოზიციების შესუსტებაზე ოპოზიცია ჯერ კიდევ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით არჩეული მდინარაძე თანამდებობის დაკავებიდან შვიდ თვეში ჯერ სამართალდამცავ უწყებებთან კოორდინაციის საკითხებში მინისტრად გადაიყვანეს, სამ თვეში კი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დანიშნეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე მამუკა მდინარაძის ყოფნის პერიოდს არაერთი რეზონანსული სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება უკავშირდება. სწორედ ღარიბაშვილმა დაასახელა მდინარაძე იმ წერილის ავტორად, რომელშიც, ექსპრემიერის მტკიცებით, პოლიტიკაში არდაბრუნების დასაზღვევად კორუფციის ახალი ბრალის აღიარებას სთხოვდნენ. მმართველი გუნდის უკვე ყოფილ ლიდერს დღეს ამ წერილზეც მოუხდა მედიასთან განმარტების გაკეთება.
პარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში და მთავრობიდან სახლში – რა გახდა პოლიტიკიდან მამუკა მდინარაძის წასვლის მიზეზი, ანა ბროლაძე მუშაობდა თემაზე.