მამუკა ხაზარაძის ინიციატივას ოთხი ბარიერგადალახული კოალიციის გაერთიანებაზე, პოლიტიკოსები აფასებენ. „ლელოს“ ლიდერის მოწოდებით, უნდა შეიქმნას ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, სადაც წამყვან როლს სალომე ზურაბიშვილი შეასრულებს. მამუკა ხაზარაძის ინიციატივამ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ვინ რა პირობით დათანხმდება შეთავაზებას ან მოხერხდება თუ არა ხაზარაძის იდეის გარშემო ოპოზიციის გაერთიანება, ჯერ უცნობია. ოპოზიციის ნაწილი შეთავაზებას იწონებს და მთავარ გამოსავლად სწორედ მეტ ერთიანობას და კონსოლიდაციას მიიჩნევს. „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი ცოტნე კობერიძე კი აცხადებს, რომ თუ იქნება ერთობა, რომლის ლიდერიც სალომე ზურაბიშვილი იქნება, მისი ნაწილი თავად არ იქნება. ოპონენტების გეგმების მიმართ მმართველი გუნდი სკეპტიკურად არის განწყობილი.