მამუკა ხაზარაძის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები

კეკელიძის ქუჩაზე მცხოვრები ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების თემა სამართლებრივიდან პოლიტიკურ სივრცეში ინაცვლებს.

ოპოზიციის კრიტიკის მთავარი სამიზნე ხელისუფლებაა, რომელსაც კერძო იპოთეკარებთან ურთიერთობისას რეგულაციების გამკაცრებას და მოქალაქის ქონების დამცავი ახალი მექანიზმების ამოქმედებას სთხოვენ. განსაკუთრებით რეზონანსული პოლიტიკაში საბანკო სფეროდან წასული მამუკა ხაზარაძის განცხადება აღმოჩნდა, რომელსაც მმართველი გუნდიდან მისი საბანკო სფეროში საქმიანობის წლები შეახსენეს. „ქართული ოცნება“ აქცენტს მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამსესხებლის და ქონების მესაკუთრის უფლებების დასაცავად გამკაცრებულ კანონმდებლობაზე აკეთებს და ოპოზიციურ ძალებს მიუთითებს, რომ ხატიაშვილების ოჯახის მსგავსი მძიმე ისტორიები და მოქალაქეებსა და კერძო იპოთეკარებს შორის დავები ძირითადად წინა ხელისუფლების პერიოდიდან არის დაწყებული.

მმართველ პარტიაში დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მიმდინარე გამოსახლებებიც გაიხსენეს.