მამუკა ხაზარაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთიანი პლატფორმის – თბილისის სამოქალაქო შტაბის შექმნის ინიციატივით გამოდის. გავრცელებულ განცხადებაში წერია: „თბილისის სამოქალაქო შტაბმა უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევა. დაე, საპროტესტო თბილისმა არჩევნებამდე განსაზღვროს, ვის ჩააბარებს ქალაქს. დარწმუნებული ვარ, „პროტესტი“ და ქალაქი მოძებნის 50 დამოუკიდებელ მებრძოლს, პროფესიონალს, პატიოსან მოქალაქეს, რომელიც არასდროს შეეგუება ოკუპაციას და ღირსეულად იბრძოლებს თბილისის ყველა სხვა გამოწვევისთვისაც. ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა იყოს ზეპარტიული! ამ კანდიდატებს პარტიები უნდა დაუდგნენ გვერდით, თავიანთი სრული ინფრასტრუქტურით და რესურსებით. ეს უნდა იყოს საყოველთაო სამოქალაქო პროტესტი! მზად ვართ ყველა კომპრომისისთვის ერთიანი ახალი პლატფორმის შესაქმნელად, თუ საჭიროა ახალი ნომრით, საერთო სიით და ერთიანი ძლიერი კანდიდატით, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ერთხმად გადაწყვეტს, რათა თბილისში ხელისუფლება საპროტესტო საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილ, თავისუფალ ადამიანებს ჩავაბაროთ. ეს არ არის ბრძოლა საკრებულოს მანდატებისთვის – ეს ბრძოლაა საქართველოს დეოკუპაციისთვის! ეს უნდა იყოს სახალხო ბრძოლა თბილისისთვის! ამავე დროს მთავარი მოთხოვნა – ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება უცვლელად მთავარ მოთხოვნად რჩება! ბრძოლა ბოლომდე – ყველა ფრონტზე!“ – წერს მამუკა ხაზარაძე.
„ლელოს“ ლიდერის ახალ ინიციატივას გამოხმაურება და შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.