მამუკა ბახტაძე - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

მმართველმა გუნდმა არჩევანი მამუკა ბახტაძეზე გააკეთა. ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პრემიერის პოსტზეა წარდგენილი. გადაწყვეტილება ,,ქართულ ოცნებაში” გამართული კონსულტაციების შემდეგ გამოცხადდა, სადაც პარტიის პოლიტსაბჭო საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად იყო შეკრებილი.

ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია, ახალი ეკონომიკური მოდელი თამაშის ახალი წესებით, მცირე მთავრობის კონცეფცია და მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში – ასეთია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გზავნილები. ახლა მამუკა ბახტაძეს შვიდდღიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ მინისტრთა კაბინეტი დააკომპლექტოს.

მმართველ პარტიაში არ უარყოფენ, რომ მთავრობაში ცვლილებები იქნება. კულუარებში სახელდებიან ის პირებიც, რომლებსაც, სავარაუდოდ, მინისტრის პორტფელთან დამშვიდობება მოუწევთ.