საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკომისარს ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში, ქრისტოს სტილიანიდისს შეხვდა, რომელიც ქვეყანას ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.
მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს და ხაზი გაუსვეს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე, რეფორმების განხორციელების პროცესში მიაღწია. ქრისტოს სტილიანიდისის შეფასებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ქვეყნის წარმატებების მკაფიოდ გამოხატული დადასტურებაა. შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საგანგებო სიტუაციებისა და კრიზისების მართვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და ინიციატივებზე.