მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე

რამდენჯერმე შეცვლილი დროის შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილი გამომძიებლების კითხვებს ხვალ უპასუხებს. ჯერ უცნობია, აპირებს თუ არა საგამოძიებო უწყება თემირლან მაჩალიკაშვილის მამისთვის ბრალის წარდგენას.

უცნობია ისიც, უტარდება თუ არა ავთენტურობის დასადგენად ექსპერტიზა ცხრაწუთიან აუდიოჩანაწერს, რომელშიც სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილს ესაუბრება და სოსო გოგაშვილის ლიკვიდაციას გეგმავს. თუმცა მაჩალიკაშვილის მხრიდან ტერაქტის მზადებას და დანაშაულებრივ განზრახვას კატეგორიულად გამორიცხავს მისი ადვოკატი.

უკვე მესამე დღეა, მმართველი გუნდის წევრებს განმარტებების გაკეთება უწევთ კითხვაზე, ჩანაწერის ავთენტურობის და საფრთხის რეალურად არსებობის შემთხვევაში, რატომ არის მაჩალიკაშვილი ამ დრომდე თავისუფალი.