მალხაზ კობაურის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს დღეს გამოიტანენ

გორის რაიონულ სასამართლოში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს დღეს გამოიტანენ. მანამდე პროცესზე როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

საბოლოო სიტყვას ბრალდებულიც იტყვის. ნაფიც მსაჯულებს ერთხმად ვერდიქტის გამოსატანად ოთხსაათიანი დრო ეძლევათ. სასამართლოს სხდომა ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

სმიტების ოჯახის სამი წევრი ხადას ხეობაში 4 ივლისს მოკლეს.

9 ნოემბერს მალხაზ კობაურს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. გამოძიების ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნების მიღების შემდეგ, კობაურს ბრალად ედება არა მხოლოდ მამა-შვილი სმიტების მკვლელობა, არამედ ლორა სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას უვადო პატიმრობა ემუქრება.