მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრები ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში

საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გამოსვლის შემდეგ შეხვედრები კოლეგებთან: ვენაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გრძელდება. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემო მაკა ბოჭორიშვილმა დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან განიხილა. საუბრის თემა იყო ევროინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები და ევროკავშირთან ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივაც. ბოლო პერიოდში თბილისსა და ბრიუსელს შორის გაუარესებული ურთიერთობის და ყველა დონეზე შეჩერებული კონტაქტების ფონზე, ვენაში მიმდინარე შეხვედრების მიმართ ინტერესი გაორმაგებულია. ისევე როგორც მინისტერიალზე სიტყვით მიმართვისას, შეხვედრების დროსაც მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს მიმართ დეზინფორმაციულ კამპანიასა და გამიზნულ ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება და კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.