გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპელ კოლეგებს შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილმა დისკუსია გამართა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები და მათი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის როლს არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებითაც.
პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობასა და აქტიური კომუნიკაციის აუცილებლობაზე ისაუბრა მაკა ბოჭორიშვილმა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან. გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები ჩვეულ დღის წესრიგს დაუბრუნდება. ხაზი გაესვა საფრანგეთის მხრიდან ამ პროცესის მხარდაჭერის მნიშვნელობას. ამავე თემებზე იყო საუბარი სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზეც. პოზიტიურად შეფასდა თბილისში სერბეთის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება.
ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას კი ხაზი გაესვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის აქტიურად გაგრძელების მნიშვნელობას. ბოჭორიშვილს აუდიენცია ჰქონდა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთანაც.