კიდევ ერთი საერთაშორისო პლატფორმა, რომელზეც თბილისის მხრიდან ბრიუსელის მიმართ დაგროვილი პრეტენზიები გაჟღერდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიაში მონაწილეობს, რომელიც მოლდოვაში ტარდება. უსამართლო დამოკიდებულება, ორმაგი სტანდარტები, დემოკრატიული პრინციპების დასუსტება, ფარისევლობა – მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლის მთავარი ადრესატი ევროკავშირის ხელმძღვანელობა იყო, რომელსაც საქართველოში რადიკალური ძალების მხარდაჭერაზე და კანონის გვერდის ავლის გზების ძიებაზე მიუთითა. ამავე კონტექსტში შეფასდა მოლდოვის მხრიდან სესიაზე სამი ქართული კერძო ტელევიზიის არ დაშვებაც. აქცენტირებული იყო რუსეთის ოკუპაციის თანმდევი მძიმე შედეგები და რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დღემდე იგნორირება. თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობის გაუარესების მიზეზებზე საუბრისთვის გამოიყენა საქართველოს ვიცე-პრემიერმა ორმხრივი შეხვედრებიც. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა – ბოლო პერიოდში გააქტიურებული კომუნიკაცია ამჯერად კიშინაუში გაგრძელდა.