მაკა ბოჭორიშვილის გზავნილები ეუთო-ს მინისტერიალზე

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებას საერთაშორისო პლატფორმაზე ეცნობიან. ვენა 50-ზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების ადგილია. ეუთო-ს საგარეო მინისტერიალს ესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელმაც მოსკოვს აგვისტოს ომის შემდეგ შეუსრულებელი ვალდებულებები შეახსენა და შეხვედრის მონაწილეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცოხვრებთა დარღვეულ უფლებებზე ინფორმაცია მიაწოდა. გამოსვლაში აქცენტირებული იყო საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებიც, რომლებიც ოკუპაციაზე რუსეთის პასუხისმგებლობას ადასტურებს. მინისტრის გზავნილი იყო, რომ ეუთო-ს დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თემა პრიორიტეტად დარჩეს. ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ქვეყნის შიდა პოლიტიკური ამბები და ამ ფონზე ბოლო პერიოდში გაძლიერებული საერთაშორისო ზეწოლა. მართული დეზინფორმაციული კამპანია, საქართველოს წინააღმდეგ ზოგიერთი აქტორის კოორდინირებული ქმედებები – ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს წინაშე გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა ცალკეულ საერთაშორისო ორგანიზაციებს რადიკალიზაციის ხელშემწყობ მოქმედებებზე მიუთითა. მინისტერიალის პარალელურად გაიმართა ორმხრივი შეხვედრებიც.