მაკა ბოჭორიშვილის გზავნილები ბუდაპეშტის საერთაშორისო ფორუმზე
ახალი მსოფლიო წესრიგი და საქართველოს პოზიციონირება გლობალური გამოწვევების პირობებში – ამ თემებზე სასაუბროდ გამოიყენა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთი საერთაშორისო პლატფორმა.
მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთში იმყოფება, სადაც ბუდაპეშტის გლობალური დიალოგის შეხვედრა მიმდინარეობს. მინისტრმა ისაუბრა ქვეყნის წინააღმდეგ ბოლო წლებში გაძლიერებულ საერთაშორისო ზეწოლაზე, ევროკავშირის უსამართლო დამოკიდებულებაზე, ხელისუფლების შეცვლის მიზნით განხორციელებულ აქტივობებზე და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ფაქტებზე. გამოსვლისას არაერთხელ გაესვა ხაზი ეროვნული ინტერესების და სუვერენიტეტის დაცვას და მშვიდობას, როგორც უსაფრთხოების გარანტს. არასწორი პოლიტიკის გამო იზოლაცია მთავარი მოთამაშეებისგან და გლობალურ პოლიტიკაში საკუთარი ადგილის დაკარგვა – ევროკავშირის მიმართ მწვავე გზავნილები გააჟღერა უნგრეთის პირველმა დიპლომატმაც, რომელმაც ევროპის ქვეყნები უკრაინის ომის დასრულების ხელშეშლაში და ტრამპის ძალისხმევისთვის ძირის გამოთხრაში დაადანაშაულა.