მაკა ბოჭორიშვილი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე

ამერიკაში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. მაკა ბოჭორიშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრას დაესწრო, რომელიც ქალთა მეოთხე მსოფლიო კონფერენციის 30-ე წლისთავს მიეძღვნა. მინისტრმა შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა კვლავ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე ოკუპაციის გამო. სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა ქალთა უფლებების დაცვაზე გაამახვილა ყურადღება და კონფლიქტურ ზონებში ქალების მძიმე მდგომარეობას გაუსვა ხაზი. ბოჭორიშვილის თქმით, ჩვენი ქვეყნისთვის ქალთა უფლებების მიმართულებით წინსვლა დემოკრატიული განვითარების ძირითადი ნაწილია. ამასთან, სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა აქცენტი გააკეთა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე და ამავე კონტექსტში ქალი მეწარმეების მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების მექანიზმებზე.