მაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკურ ფორუმზე

21:13, 24.04.2026

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო შექმნილი ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის გზებს პოლიტიკური ლიდერები, სამოქალაქო სექტორი და ბიზნესმენები ახლა ერთ სივრცეში ეძებენ.

საბერძნეთის ქალაქ დელფოსში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმის მონაწილეა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. ჰორმუზის სრუტის ბლოკადის და უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების ფონზე ევროპისთვის სამხრეთ კავკასიაზე გამავალი სავაჭრო გზების მნიშვნელობა მკვეთრად იზრდება. სწორედ საქართველოს გაზრდილ სატრანზიტო პოტენციალზე საუბარს დაუთმო მაკა ბოჭორიშვილმა საკუთარი გამოსვლები რამდენიმე პანელურ დისკუსიაზე. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საერთაშორისო პლატფორმაზე შეკრებილებს ის პროექტები გააცნო, რომლებსაც საქართველო შუა დერეფნის მარშრუტის განსავითარებლად და საკუთარი პოტენციალის გამოსაყენებლად გეგმავს და ახორციელებს. ბუნებრივია, ყურადღების მიღმა არ დარჩენილა თბილისსა და ბრიუსელს შორის გაუარესებული ურთიერთობა. მინისტრმა ამჯერად დელფოსის ფორუმიდან თქვა, რომ ევროკავშირის წევრობა პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენება.

ევროპული ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის სამხრეთ კავკასია და შავი ზღვის რეგიონი კრიტიკულად მნიშვნელოვანია – ასეთი იყო მაკა ბოჭორიშვილის მთავარი გზავნილი.

მსგავსი