საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ამერიკის ელჩს შორის.
კელი დეგნანსა და მაკა ბოჭორიშვილს შორის გამართული აუდიენცია საგარეო უწყებაში გაიმართა. ამერიკას ნოემბრის შემდეგ ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებული აქვს, ამიტომ დღევანდელი კომუნიკაციის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია. შეხვედრის შესახებ განცხადებები ორივე მხარემ წერილობით გაავრცელა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბრის თემები იყო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი, რა დროსაც აღნიშნეს, რომ საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დაფუძნებული ორი ქვეყნის პარტნიორობას პოზიტიური დინამიკა სჭირდება. უწყება წერს, რომ შესაბამისი მზადყოფნა საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა. განცხადების მიხედვით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთობები მომავალი თანამშრომლობისთვის საუკეთესო საფუძველია. სამინისტრო ამბობს, რომ ელჩმა და მინისტრმა მზადყოფნა გამოხატეს ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობაში პროგრესის მისაღწევად აქტიური მუშაობისთვის. ამერიკის საელჩოს განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს ამერიკის პრეზიდენტის და სახელმწიფო მდივნის პრიორიტეტები და ის ნაბიჯები გააცნო, რომლებიც საქართველოს შეუძლია, გადადგას ამერიკასთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულების საჩვენებლად. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში ოფიციალურ ვაშინგტონთან ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინი აქვს. ცოტა ხნის წინ ამერიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა თავად მინისტრმა.