მაისში საქართველოს მსოფლიო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ესტუმრებიან

მაისში საქართველოს მსოფლიო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ესტუმრებიან. ჩვენს ქვეყანაში ეს საბჭოს წევრთა სტუმრობის პირველი შემთხვევაა. ისინი საქართველოში ფინანსთა მინისტრის მოწვევით ჩამოვლენ. ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრენკ ჰემსკერკმა განმარტა, რომ ისინი ადგილზე გაეცნობიან იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მიაღწია. სწორედ ამ ვიზიტსა და მასთან ერთად სამომავლო სტრატეგიული თანამშრომლობის პერსპექტივებზე შედგა საუბარი ბანკის აღმასრულებელ დირექტორსა და საქართველოს ფინანსთა მინისტრს შორის გამართულ შეხვედრაზე.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ზაფხულში ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ, საქართველო მსოფლიო ბანკისგან დაფინასების გაზრდას ელის. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის საგაზაფხულო შეხვედრაში მონაწილეობს. დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ინვესტორი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან.