მაიკ პომპეოს ვიზიტი და ოპოზიციის მდუმარე აქცია

არჩევნების შემდეგ აქციების რეჟიმზე გადასული ოპოზიცია მაღალი რანგის სტუმარს მდუმარე აქციით ხვდება. ოფიციალური შეხვედრების პარალელურად, ხელისუფლების ოპონენტები რუსთაველის გამზირზე დადგებიან და ამ ფორმით 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ. გადაწყდა, რომ აქცია სიტყვით გამოსვლების გარეშე ჩაივლის.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ საარჩევნო თემატიკა შეხვედრების დღის წესრიგში აუცილებლად იქნება. არჩევნებთან დაკავშირებით, მათი პრეტენზიების დაფიქსირებას ისინი სამოქალაქო სექტორისგან ელოდებიან, რომელსაც პომპეო უნდა შეხვდეს.