მაია სანდუს მორიგი ბრალდება საქართველოს წინააღმდეგ 

მოლდოვის პრეზიდენტისთვის საქართველო აქტუალობას არ კარგავს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს მაია სანდუმ საქართველო რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებულ ქვეყნად გამოაცხადა. მოლდოვის პირველი პირისგან ამ კონტექსტში ჩვენი ქვეყნის ხსენება პირველი შემთხვევა არ არის. ის ოფიციალურ თბილისს არასწორ საგარეო პოლიტიკაზე ხშირად მიუთითებს და ღია მხარდაჭერას უცხადებს იმ ადამიანებს, რომლებიც ახალი არჩევნების მოთხოვნით აქციებს მართავენ. მხარდამჭერი გზავნილი ბოლო გამოსვლის დროსაც გაჟღერდა. მმართველი გუნდისთვის მოლდოვის პრეზიდენტის მორიგი განცხადება მოულოდნელი არ აღმოჩნდა. სანდუს ოფიციალური თბილისი საქართველოში არეულობის ხელშემწყობად მიიჩნევს და ერთ-ერთ არგუმენტად 4 ოქტომბერს ნათქვამ სიტყვებს იშველიებს, რომელშიც მშვიდობიანი დამხობის აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა. მოლდოვის პირველ პირს საერთაშორისო კვლევებში მოლდოვის გაუარესებულ მაჩვენებლებთან ერთად არც იმ განცხადებას უვიწყებენ, რომელშიც რეფერენდუმის შემთხვევაში საკუთარი ქვეყნის რუმინეთთან გაერთიანების სურვილი დაადასტურა. ახლა საინტერესოა, მოჰყვება თუ არა სანდუს ბოლო გზავნილს რაიმე რეაგირება – დეპუტატების ნაწილი მოლდოვის ელჩისგან განმარტებებს ელოდება.