„მაგთიკომს“ ტარიფების გაძვირება შეუჩერდა

კიდევ ერთი რეზონანსული გადაწყვეტილება, რომელიც მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიას ეხება.

კომუნიკაციების კომისიის მიერ შეჩერებულია გეგმა, რომლის მიხედვით „მაგთიკომი“ 18 თებერვლიდან სატელეფონო მომსახურებაზე ტარიფების გაზრდას აანონსებდა.

გადაწყვეტილება ძალაში იქნება მანამ, სანამ ბაზარზე ცოტა ხნის წინ დაწყებული კვლევა არ დასრულდება.

ბაზარზე არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე კომისია მომსახურების გაძვირების საფუძველს ვერ ხედავს, რის გამოც მაკონტროლებელმა უწყებამ თავის დროზე „მაგთიკომს“ სატარიფო პოლიტიკის შეჩერებისკენ მოუწოდა. თუმცა მოწოდება მხოლოდ „სილქნეტმა“ გაითვალისწინა, რომელმაც იანვრის ბოლოს ტარიფების გაძვირება „მაგთიკომთან“ ერთად დააანონსა.

ჯერ უცნობია, მიმართავს თუ არა სასამართლოს „მაგთიკომი“, რომელიც კომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.