მაღაროელებმა გაფიცვა შეწყვიტეს

11-დღიანი მასშტაბური პროტესტი დასრულდა. უშედეგოდ დასრულებული არაერთი შეხვედრის შემდეგ გაფიცულმა მაღაროელებმა და დამსაქმებელმა კომპანიამ შეთანხმებას მიაღწიეს. „ჯორჯიან მანგანეზი“ თანახმაა, ხელფასები ჯერ 25%-ით, ერთი წლის შემდეგ კი კიდევ 10%-ით გაზარდოს. დამსაქმებელი კვებითი რაციონის გაუმჯობესების, დაზღვევასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების და ქალაქში მადნის გადამტანი მანქანების მოძრაობის შეზღუდვის პირობასაც დებს.

მოთხოვნების შესრულებას პირადად დააკვირდებიან ეკონომიკის, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები, რომლებიც მედიაციის პროცესში დღეს პირველად ჩაერთნენ და პრემიერის დავალებით ჭიათურაში ჩავიდნენ.

მოლაპარაკების ბოლო რაუნდამდე მაღაროელების პროტესტი დღეს კიდევ უფრო მასშტაბური გახდა, გაფიცულებს მხარდაჭერა სკოლების თანამშრომლებმაც გამოუცხადეს.