ამ წუთებში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მაღაროელების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმის არსებით განხილვას დაკავებულების თანამებრძოლები ესწრებიან, ისინი იმედოვნებენ, რომ დღეს გირაოს სანაცვლოდ 4 დაკავებულ მაღაროელს გაათავისუფლებენ. მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი სისხლის სამართლის წესით 29 აპრილს დააკავეს. საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა, მოგვიანებით მათ ბრალი დაუმძიმდათ. მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, აჩიკო ჭუმბურიძეს და თენგო გველესიანს კი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.