მაღაროელების სასამართლო პროცესი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მაღაროელების სასამართლო პროცესი გაიმართა. დაკავებულების მხარდასაჭერად ქუთაისში ჭიათურიდან მაღაროელების ახლობლები და თანამებრძოლები ჩავიდნენ. მოსამართლე გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, 21 ივლისს გამოაცხადებს. შეგახსენებთ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ნეფარიძეს და მერაბ სარალიძეს 6 წლითა და 3 თვით, არჩილ ჭუმბურიძეს და თენგიზ გველესიანს კი – 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაცვის მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი სისხლის სამართლის წესით, 29 აპრილს დააკავეს. საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა, მოგვიანებით მათ ბრალი დაუმძიმდათ.