მაღაროელების პროტესტის 74-ე დღე. ჭიათურიდან პროტესტმა თბილისში გადმოინაცვლა. სამი მოშიმშილე, რომლებმაც ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს, ამ დრომდე ადგილზე რჩებიან. მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას 17 დღის წინ მიმართეს. აქციების მონაწილეების თქმით, ითხოვენ, რომ ჭიათურაში არსებული მაღაროების მართვა გადაიბაროს სახელმწიფომ, მიიღონ კუთვნილი ხელფასები, შეხვდნენ პრემიერს, ან მის ნდობით აღჭურვილ პირს და ასევე გათავისუფლდეს ის ოთხი დაკავებული ჭიათურელი, რომლებიც 29 აპრილს დააკავეს.
ჭიათურელი მაღაროელები პროტესტის გაგრძელებას მათი მოთხოვნის შესრულებამდე გეგმავენ. მათივე თქმით, ამ დრომდე ხელისუფლების მხრიდან არავინ გამოხმაურებია.