მაღაროელების მოთხოვნა
ჭიათურელი მაღაროელები პრემიერ-მინისტრს და ჯანდაცვის მინისტრს მიმართავენ.
პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის, ტარიელ მიქაცაძის განცხადებით, ისინი დაკავებული ოთხი მაღაროელის გათავისუფლებას ითხოვენ. ტარიელ მიქაცაძე ასევე ინტერესდება, რას სთავაზობს ხელისუფლება ალტერნატიულ დასაქმების წყაროდ კომპანიიდან გათავისუფლებულ ორ ათას მაღაროელს და მათ ოჯახებს. შეგახსენებთ, მაღაროელთა პროტესტი ჭიათურაში 250 დღის წინ დაიწყო. ოთხი მაღაროელი მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი სისხლის სამართლის წესით 29 აპრილს დააკავეს. საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მათ ბრალი დაუმძიმდათ. მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, არჩილ ჭუმბურიძეს და თენგიზ გველესიანს კი მონაწილეობას ედავებიან.
მაღაროელები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და ბრალს არ აღიარებენ.