მაღალი ფასები სურსათზე - პრემიერი მოკვლევას ითხოვს 

პრემიერის განცხადებიდან რამდენიმე საათში სუს-ში გამოძიება იწყება.

უწყება იკვლევს, რა იწვევს სურსათზე ფასების მატებას და რატომ აჭარბებს საქართველოში ერთი და იმავე პროდუქტის ფასები ევროპის ქვეყნების ფასებს რამდენჯერმე. წინასწარი კვლევების საფუძველზე მთავრობის მეთაური შესაძლო კარტელურ გარიგებებზე მიუთითებს და ფასების შესამცირებლად შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას აანონსებს. საცალო ქსელების მოგების მკვეთრად მაღალი მარჟა და საზღვარზე შემოტანიდან დახლზე განთავსებამდე მაღალი ფასნამატი – რა გზებით აპირებს ხელისუფლება სუპერმარკეტების ქსელებში ფასების შემცირებას და რა გარემოებების გამო გაჩნდა კითხვა შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულზე – სუს-ში დაწყებული ძიების პარალელურად ფასების ფორმირების საკითხის შესასწავლად პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნაც დაანონსდა. ეროვნული ბანკი, რომელიც ფასების სტაბილურობაზეა პასუხისმგებელი, მხოლოდ საკუთარი ბერკეტებით ფასების დასტაბილურებას პრობლემად მიიჩნევს. ფასების დადგენის პროცესის დეტალურად აღსაწერად და მთავრობასთან დიალოგისთვის მზად არის „რითეილ ასოციაცია.“ მთავრობის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ოპოზიცია, რომლის დღის წესრიგში მაღალი სამომხმარებლო ფასები და ამ მიზეზით ხელისუფლების კრიტიკა ბოლო წლებში მუდმივად აქტუალურია. ოპონენტები თავისუფალი ბაზრის პრინციპებში ჩარევის და ბიზნესის შევიწროების საფრთხეზე ალაპარაკდნენ.